"LINKS" პროექტის მონაწილეები აჭარაში გამართულ დასაქმების ფორუმზე

2021-06-15

15 ივნისს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, დასაქმების მხარდაჭერის სახელმწიფო სააგენტოსთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, ქ. ბათუმში, „სანსეტ ბათუმში“ (იუსტიციის სახლის წინ, არდაგანის ტბის მიმდებარედ) დასაქმების ფორუმს გამართავენ.

ფორუმზე აჭარის რეგიონში არსებული 59 მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი 900–ზე მეტ ვაკანსიას წარმოადგენს. სამუშაო ადგილები ადმინისტრაციული მომსახურების, სავაჭრო, დისტრიბუციის, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, საფინანსო, სადაზღვევო, ჯანდაცვის და განათლების სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი.

ღონისძიებაზე სამუშაოს მაძიებელებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაესაუბრონ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოაჩინონ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით.
დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მსურველ სამუშაოს მაძიებლებს შეუძლიათ, 14 ივნისის ჩათვლით, წინასწარი რეგისტრაცია გაიარონ ბმულზე: https://forum.hrajara.gov.ge.

დასაქმების ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში გაიმართება.