როგორ გვიცავს ხელის დაბანა Covid-19-ისგან? ექიმის 5 რჩევა
სათაური: როგორ გვიცავს ხელის დაბანა Covid-19-ისგან? ექიმის 5 რჩევა
რამდენჯერ მოგვისმენია ბავშვობაში სიტყვები, „დაიბანე ხელები“. ხელების დაბანას ბავშვობიდან, სკოლიდან გვასწავლიან, რომ თავი მავნე ბაქტერიებისგან დავიცვათ. დღეს, კი ახალი კორონავირუსისგან თავის დასაცავად ექიმები პირველ რიგში სწორედ ხელის დაბანას გვირჩევენ.
ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია გვიხსნის, როგორ ანეიტრალებს კორონავირუსის მოლეკულებს საპონი და როგორ დავიბანოთ ხელები სწორად, რომ ვირუსით არ დავავადდეთ.
- რჩევა N 1 - საპონი კანის მთელ ზედაპირს უნდა შეეხოს.
ახალი კორონავირუსის მოლეკულები უვნებელია მანამ, სანამ ჩვენს ორგანიზმში სასუნთქი ან ლორწოვანი გზით არ მოხვდება. ის კანის ზედაპირს ერთგვარი საცეცებით, ე.წ. „სპაიკ ცილებით“ ეკრობა, რომლებიც ვირუსის დამცავი გარსის ირგვლივაა დამაგრებული
საპნის მოლეკულას კი შეუძლია ეს დამცავი გარსი დაარღვიოს და წყალთან რეაქციაში შესვლისას ვირუსი გააუვნებელჰყოს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, გულმოდგინედ წავისვათ საპონი ხელის მთელ ზედაპირზე, მაჯებიდან თითის წვერებამდე.
- რჩევა N2 - ხელები დაიბანეთ 20 წამის განმავლობაში მაინც
ეს მოწოდება ვირუსის გავრცელების პირველი დღეებიდანვე გვესმის, მაგრამ რატომ მაინც და მაინც 20 წამი და არა 15 ან 18? ეს ზუსტი რიცხვი არ არის, თუმცა გამოკვლევები ადასტურებს, რომ ხელის მტევნის ყველა წერტილის კარგად, გულმოდგინედ დასაბანად დაახლოებით 20 წამია საჭირო.
- რჩევა N3 - დაიბანეთ ხელი იმდენჯერ, რამდენჯერაც საეჭვო ზედაპირს შეეხებით
არ არის აუცილებელი ხელების ყოველ წამს დაბანა, თუ ისეთს არაფერს შეხებიხართ, საიდანაც შეიძლება ვირუსი გადაგედოთ. ხელების ზედმეტად ხშირად დაბანამ შეიძლება კანი დაგიზიანოთ, ამიტომაც ოქროს შუალედის პოვნაა საჭირო. დაიბანეთ ხელი თბილი წყლით, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც საჯარო სივრცეში რამეს შეეხებით.
გაითვალისწინეთ, რომ თუ ხელის დაბანის საშუალება არ გაქვთ, ეცადეთ არ ხელებით სახეს, რადგან ამით ვირუსის გავრცელების რისკს გაზრდით.
- რჩევა N4 - გამოიყენეთ ხელის სანიტაიზერი ან ალკოჰოლის შემცველი ნებისმიერი ხსნარი
მნიშვნელოვანია, პატარა ბოთლით სულ თან იქონიოთ ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალება იმ შემთხვევისთვის, თუ ხელის საპნით დაბანის შესაძლებლობა არ გექნებათ. ასეთი ხსნარი შეგიძლიათ სახლის პირობებშიც დაამზადოთ, თუმცა მნიშვნელოვანია, მასში ალკოჰოლის შემცველობა 60-დან 80%-მდე უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში ის არაეფექტურია. ანუ ვერც ჭაჭა, ვერც წითელი ღვინო ვირუსისგან ვერ დაგიცავთ.
აქაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ როგორც ხელის დაბანის, ასევე სადეზინფექციო სითხის გამოყენებისას კანის მთელი ზედაპირი უნდა მოვიცვათ.
- რჩევა N5 - არ აქვს მნიშვნელობა რომელი საპნით დაიბანთ
მაღაზიებსა და აფთიაქებში ხშირად შეხვდებით ძვირადღირებულ, „ანტიბაქტერიულ“ საპნებს, თუმცა ჩვეულებრივი, იაფი საპონიც ისევე ეფექტურია ბაქტერიების წინააღმდეგ, როგორც ძვირადღირებული. მთავარია, ხელის დაბანისას ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წესი გაითვალისწინოთ.