ელვირა ალიევა - მოძრავი უნივერსიტეტის მონაწილე
„არაფორმალური განათლების გზით მოსახლეობის დახმარება ყველაზე ღირებულად მიმაჩნია, შესაბამისად, ძალიან მომწონს მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის იდეა.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს უნივერსიტეტი მიდის ისეთ ადგილებში, სადაც ახალგაზრდებს ყველაზე ნაკლებად აქვთ ინფორმაციის მიღების ფუფუნება. ინფორმაცია წარმატების მთავარი გასაღებია, მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის იდეა კი საქართველოს ყველა წერტილში ამ ინფორმაციის გავრცელების საშუალებას იძლევა.”- ელვირა ალიევა, 22 წლის, მოძრავი უნივერსიტეტის მონაწილე.
ელვირა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. ამჟამად ის გარდაბნის რაიონ სოფელ ჯანდარაში ცხოვრობს და ევროკავშირის დაფინანსებით შექმნილი მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებაზე გვიყვება:
„როდესაც წინასწარ ინფორმაციის გავრცელებაზე ვმუშაობდი და მოსახლეობას მოძრავი უნივერსიტეტის შეხვედრაზე მივაწოდე ინფორმაცია, ახალგაზრდები მეუბნებოდნენ, რომ არ სჯეროდათ, რომ სოფელში ჩამოვიდოდნენ ლექტორები და ჩაატარებდნენ ლექციებს, ვინაიდან ძირითადად მოხალისე ახალგაზრდები გვსტუმრობენ და მსგავს შეხვედრებს, სადაც პროფესორი ჩამოდის და აზიარებს გამოცდილებას, ისინი მოკლებულები არიან. შესაბამისად, აღნიშნული შეხვედრა ძალიან შთამბეჭდავი და ღირებული გამოვიდა ყველასთვის.”
ელვირას საკუთარ სახლში დაფუძნებული აქვს თვითგანვითარების ცენტრი, სადაც ახალგაზრდებს ეხმარება ფილოსოფიისა და ენის შესწავლაში, საინტერესო შესაძლებლობებს აზიარებს, მისი ცენტრი კი კვირაში შვიდივე დღეს ხელმისაწვდომია ახალგაზრდებისთვის. როგორც ის ამბობს, მოძრავ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ახალი შესაძლებლობა აღმოჩნდა მისთვის:
„შეხვედრა ძალიან დიდი შესაძლებლობა აღმოჩნდა ჩემი სათემო ორგანიზაციისთვისაც, რადგან დღემდე ვაგრძელებ კომუნიკაციას ლექტორებსა და ორგანიზატორებთან და მათთან ერთად ბევრი საინტერესო იდეაც მაქვს. მჯერა, რომ ეს თანამშრომლობა გაამრავალფეროვნებს ცენტრის საქმიანობას და მეტ შესაძლებლბას მისცემს ადგილობრივ ახალგაზრდებს.
აღნიშნულმა შეხვედრამ არა მხოლოდ საინტერესოდ ჩაიარა, არამედ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის კუთხით. მომხსენებლებმა ისაუბრეს იმის შესახებ, თუ ვინ ვართ, როგორი ურთიერთობა გვქონდა საუკუნეების განმავლობაში დავინახეთ კავშირები, ერთად ბრძოლისა და პოლიტიკური თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილება, რომლებიც ერთობლივად საქმიანობის საშუალებას მოგვცემს.” - ამბობს ელვირა."- ამბობს ელვირა.
მოძრავი უნივერსიტეტი „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტის ფარგლებში ევროკავშირის დაფინანსებით „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ ხორციელდება. იგი არის მასშტაბური პროგრამის ნაწილი, სახელწოდებით „განათლება დასაქმებისთვის“ (Skills4Jobs). აღნიშნული პროგრამის ზოგადი ამოცანაა საქართველოში პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის განვითარების მხარდაჭერა.
ვრცლად მოძრავი უნივერსიტეტის შესახებ