მალვინა ზოიძე - მოძრავი უნივერსიტეტის მონაწილე
„იმისთვის, რომ განვითარდე, უმნიშვნელოვანესია, გქონდეს წვდომა ისეთ რესურსებთან, როგორიცაა სახალხო მოძრავი უნივერსიტეტი. მე სოფელ ბრილის მე-11 კლასის ერთადერთი მოსწავლე ვარ და ძირითადად მხოლოდ მასწავლებელია ის, ვისაც შეუძლია, გაკვეთილზე განსხვავებული აზრი დააფიქსიროს. სახალხო მოძრავი უნივერსიტეტი სწორედ ამ ნიშნით იყო ჩემთვის განსაკუთრებული. შეხვედრაზე ბევრი განსხვავებული აზრი დაფიქრსირდა, ბევრი საინტერესო მახასიათებელი ვიპოვე და მივხვდი, რომ ეს ინტერაქცია განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია - აზრთა სხვადასხვაობისა და იდეების გაცვლის დროს აღმოვაჩინე, რომ ის, რაც ვერ დავინახე მე, დაინახა სხვამ და ეს ისევ მე დამეხმარა რაღაც ახლის აღმოჩენაში.” - მალვინა ზოიძე, 15 წლის, მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის მონაწილე.
მალვინა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილის საჯარო სკოლის მოსწავლეა და ევროკავშირის დაფინანსებით შექმნილი მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებაზე გვიყვება:
„ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა და რაც მთავარია, მოტივაცია, რომ განვითარდეს. კონკურენციის შეგრძნების გარეშე ეს მოტივაცია არ იარსებებს, ამიტომ, განსაკუთრებით ჩემი სოფლისთვის, მნიშვნელოვანია, არსებობდეს სახალხო მოძრავი უნივერსიტეტი და სხვა მსგავსი პროექტები.
შეხვედრა, რომელზეც ბევრი ადამიანია, მეხმარება, უკეთესად დავინახო ჩემი შესაძლებლობები, რომლებსაც სკოლაში ვერ ვიყენებ.
ძალიან გამიხარდება, თუ ეს შეხვედრები გაგრძელდება და მასში ჩართვის შესაძლებლობა მექნება.
სახალხო უნივერსიტეტის იდეა არის განათლების ხელმისაწვდომობა, რაც, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რომელიც შეიძლება მისცე ახალგაზრდას. ჩვენზე მორგებული სერვისები ძირითადად ორიენტირებულია მზა პროდუქტის მიწოდებაზე, სახალხო უნივერსიტეტის იდეა კი მდგომარეობს იმაში, რომ გასწავლოს, როგორ შექმნა საკუთარი თავისთვის შესაძლებლობა. ” - ამბობს მალვინა.
მოძრავი უნივერსიტეტი „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტის ფარგლებში ევროკავშირის დაფინანსებით „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ ხორციელდება. იგი არის მასშტაბური პროგრამის ნაწილი, სახელწოდებით „განათლება დასაქმებისთვის“ (Skills4Jobs). აღნიშნული პროგრამის ზოგადი ამოცანაა საქართველოში პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის განვითარების მხარდაჭერა.
ვრცლად მოძრავი უნივერსიტეტის შესახებ