მარიამ კუკულაძე - მოძრავი უნივერსიტეტის მონაწილე

2022-02-23

„საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მედიცინა, როგორც პროფესია, ყოველთვის მაინტერესებდა, თუმცა ამ შეხვედრის შემდეგ დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემს პროფესიას სწორედ ამ მიმართულებას დავუკავშირებ. ეს დიდწილად სახალხო მოძრავი უნივერსიტეტის ფარგლებში ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ ჩატარებული ლექციის და მასთან პროფესიული ინტერაქციის დამსახურებაა - გარდა თემისა, მას ბევრი პროფესიული შეკითხვა დავუსვი, ამიტომაც გახდა ეს შეხვედრა ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი, დასამახსოვრებელი და, შეიძლება ითქვას, რომ პროფესიული თვალსაზრისით გადამწყვეტი.” - მარიამ კუკულაძე, 15 წლის, მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის მონაწილე.

მარიამი ჩიბათის საჯაროს სკოლის მოსწავლეა, ის ევროკავშირის დაფინანსებით შექმნილი მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებაზე გვიყვება: 

„ამ პროექტმა ჩემში და არა მარტო ჩემში, სხვა მოსწავლეებშიც, რომლებიც შეხვედრებს ესწრებოდნენ, დიდი ინტერესი გამოიწვია. დღესაც კი ვმსჯელობთ იქ განხილულ თემებსა და საკითხებზე. 

ბევრი რამ გავიგეთ ბიზნესზე, პანდემიაზე, ისტორიაზე, მოვისმინეთ საინტერესო ადამიანებისისტორიები.

მოძრავი უნივერსიტეტის ფარგლებში არსებული ეს შეხვედრა ჩემთვის პირველი შესაძლებლობა იყო, რომ თავი სტუდენტის ამპლუაში წარმომედგინა. ამასთან ერთად, ჩვენ ლექტორებს პირობა ჩამოვართვით, რომ სახალხო მოძრავი უნივერსიტეტი კიდევ ეწვეოდა ჩვენს სკოლას და მოუთმენლად ველოდებით მათთან განმეორებით შეხვედრას.” - ამბობს მარიამი.

სახალხო უნივერსიტეტის ლექტორები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან და ისინი გარდა კონკრეტული საკითხისა, მოსწავლეებს პროფესიულ გამოცდილებებსაც უზიარებენ:

„ერთ-ერთმა ლექტორმა შეხვედრისას საინტერესო კითხვა დასვა, რომელსაც ყველამ ერთნაირად ვუპასუხეთ, მათ შორის - მეც - მოგვიანებით ამ ფაქტმა ძალიან შემაწუხა და ბევრ რამეზე დამაფიქრა. კითხვა იყო იმის შესახებ, თუ რას ვაპირებდით სწავლის დასრულების შემდეგ: სხვა ქვეყანაში ან ქალაქში გადავიდოთ საცხოვრებლად თუ დავბრუნდებოდით და ჩვენი სოფლის განვითარებაზე ვიზრუნებდით?! - ყველას პასუხში იყო სურვილი, წასულიყვნენ საზღვარგარეთ ან მინიმუმ სხვა ქალაქში, სადაც უკეთსი პირობებია. 

ბევრი ვიმსჯელეთ პასუხების შემდეგ ამ საკითხზე და იმაზე, თუ რამდენად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თითოეულ ჩვენგანს სოფლის და ამ გზით ქვეყნის განვითარების პროცესში. ბუნებრივია, დაფიქრების შემდეგ განსხვავებულად შევხედე საკითხს და ვიგრძენი პასუხისმგებლობა, რომ სწავლის შემდეგ ჩემს სოფელზე ზრუნვა აუცილებლად უნდა გავაგრძელო.”

მოძრავი უნივერსიტეტი „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტის ფარგლებში ევროკავშირის დაფინანსებით „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ ხორციელდება.  იგი არის მასშტაბური პროგრამის ნაწილი, სახელწოდებით „განათლება დასაქმებისთვის“ (Skills4Jobs). აღნიშნული პროგრამის ზოგადი ამოცანაა საქართველოში პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის განვითარების მხარდაჭერა.