საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 104-ე წლისთავს აღნიშნავს 

2022-05-25

104 წლის წინ ამ დღეს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სამ წელიწადში, 1921 წლის თებერვალში ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ ქვეყანა დაიპყრო და საქართველომ დამოუკიდებლობა მოგვიანებით 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ გამოცხადებულ 26 მაისს აღნიშნავს.  

საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველი სხდომის ოქმიდან: კვირა, 26 მაისი, 1918 წელი. ქალაქი თფილისი, სასახლე. 

სხდომას დაესწრო 42 წევრი და 36 კანდიდატი. 

ლოჟებში და ქანდარაზე მრავალრიცხოვანი საზოგადოებაა. 

მოედანი სასახლის წინ და უახლოესი ქუჩები გაჭედილია ხალხით. 

სასახლის თავზე ფრიალებს ქართული დროშა. 

თავმჯდომარეობს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია. პრეზიდიუმში არიან: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე. მდივნად არის ეროვნულ საბჭოს მდივანი ილია ზურაბიშვილი. 

სხდომა იხსნება ნაშუადღევის 4 ს. და 50 წუთზე. 

როცა თავმჯდომარე თავის ალაგს იჭერს, საბჭო და დამსწრე ხალხი მიესალმებიან მას ფეხზე ადგომით, ხაანგრძლივი მქუხარე ტაშით და უმართავენ ოვაციას. 

თავმჯდომარე: ეროვნული საბჭოს სხდომას გახსნილად ვაცხადებ. 

„მოქალაქენო! დღეს თქვენ აქ მოწამენი იყავით იშვიათი ისტორიული და ამავე დროს ტრაგიკული აქტის. ამ დარბაზში დღეს მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი, დღესვე, ამავე დარბაზში ეყრება საძირკველი მეორე სახელმწიფოს. 

ამ ორ სახელმწიფოთა შორის, რომელთაგან ერთი მოკვდა, მეორე კი იბადება, არ არის ინტერესთა წინააღმდეგობა. 

და თუ პირველი აღსდგა ოდესმე მკვდრეთით, ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მათ შორის მუდამ იქნება ინტერესთა თანხმობა (ტაში). 

ახალი სახელმწიფო – საქართველო, რომელიც დღეს არსდება, არ წავა რომელიმე ერის, ხალხის ან სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. 

მისი მიზანია – თავი გადაირჩინოს თანამედროვე ისტორიულ ქარიშხალში….” 

ნოე ჟორდანია კითხულობს “საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს”. 

კრება და დამსწრე საზოგადოება ისმენენ ამ აქტს ფეხზე მდგომნი. თვითეული მუხლი იწვევს მქუხარე ტაშს. წაკითხვის შემდეგ იმართება ხანგრძლივი ოვაცია. 

სიწყნარის ჩამოვარდნის შემდეგ, თავმჯდომარის წინადადებით, ეროვნულ საბჭოს მდივანი გადის აივანზე და იქიდან უკითხავს დამოუკიდებლობის აქტს სასახლის წინ შეკრებილ ხალხს. აქტის წაკითხვის განმავლობაში აივანზე ორ ეროვნულ დროშას სდარაჯობს საპატიო ყარაულის რაზმი. აქტის თვითეული მუხლი იწვევს ხალხში აღფრთოვანებას, აღტაცების ყიჟინას, ტაშს და ოვაციებს…  

Civil.ge / Republic100 

გაეროს ასოციაცია დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ამბებს სპეციალური პროექტის რესპუბლიკა100 - ის ფეისბუქ გვერდისა და Civil.ge-ს პლატფორმის დახმარებით გიყვებათ:

ამ გვერდებზე თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ 1500 -მდე სტატია დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ:

გაეროს ასოციაცია გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!