USAID პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ გახსნითი ღონისძიება

2022-11-22

დღეს USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” გახსნითი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად USAID -ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

USAID 5 წლიანი პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ემსახურება მოქალაქეთა სამოქალაქო ინტეგრაციასა და ეკონომიკურ გაძლიერებას. მიზნად ისახავს უმცირესობების ჩართულობის გაზრდას საჯარო პოლიტიკის ყველა საკითხში, სექტორთა თანამშრომლობის გზით მათი ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას და სოციალური, სამოქალაქო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას უმცირესობასა და უმრავლესობას შორის.

პროგრამა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სამოქალაქო იდენტობის გაძლიერებასა და მოქალაქეთა ერთიანობის მრავალფეროვნებით გამოხატვაში.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, რომელმაც ისაუბრა პროგრამის მნიშვნელობაზე და იმაზე თუ როგორ დაეხმარება ის საქართველოს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას და კერძო სექტორს უმცირესობებსა და უმრავლესობას შორის სოციალური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაში.

USAID პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ხელმძღვანელმა ლაშა ჯუღელმა სტუმრებს პროგრამის მიზნები, ამოცანები და სამომავლო გეგმები გააცნო.

ღონისძიების დაწყებამდე სტუმრებმა დაათვალიერეს გამოფენა, რომელიც ეძღვნებოდა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მნიშვნელოვან როლს საქართველოს ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებში.

USAID-ის პროგრამას „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.