ელიონორა ტერ-ფარსაგოვა-მახვილაძისა - ქალთა ისტორიის თვე

2023-03-02

ქალთა თვის ამ რუბრიკით გაგაცნობთ ქალებს USAID პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში შექმნილი გამოფენიდან, რომელიც ეძღვნებოდა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მნიშვნელოვან როლს საქართველოს ეკონომიკურ, სოცილაურ და პოლიტიკურ პროცესებში.  

 ელიონორა ტერ-ფარსაგოვა-მახვილაძისა

ეროვნებით სომეხი, პოლიტიკოსი, პედაგოგი. დაიბადა ტფილისში. მან საშუალო განათლება ტფილისის ქალთა გიმნაზიაში მიიღო. 1902 წელს გაწევრიანდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში. ქორწინების შემდგომ, ქმართან, ცნობილ ექიმ ვლადიმერ მახვილაძესთან ერთად საცხოვრებლად სოხუმში გადავიდა და ქალაქის კერძო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა. 1905 წელს იყო რევოლუციური გამოსვლების ერთ-ერთი ხელმძღვანელი სოხუმში. მისი მეთაურობით მოხდა ქალაქის მოსახლეობის ფაქტობრივი გაფიცვა, რამაც ხელისუფლებას ქალაქის თვითმმართველობის გარკვეული დემოკრატიზაცია აიძულა. რევოლუციის მარცხის შემდეგ ელიონორა დააპატიმრეს, თუმცა ორსულობის გამო მალევე გაათავისუფლეს. 1908 წლიდან 1917 წლამდე კიდევ 3-ჯერ დააპატიმრეს რევოლუციური საქმიანობის გამო. 1919 წლის თებერვალში სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით აირჩიეს ტფილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად და დამფუძნებელი კრების წევრად. საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ ელიონორა დარჩა საქართველოში და ჩაერთო ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის მოძრაობაში. საბჭოთა რეჟიმი მუდმივად ავიწროებდა, 1921 წლიდან იყო „პოლიტიკური წითელი ჯვრის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1922 წელს “ჩეკამ” დააპატიმრა. 1924 წლის აჯანყების შემდეგ აქტიურად მუშაობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური ორგანიზაციის აღდგენის პროცესში. იგი იკავებდა თავმჯდომარის პოსტს სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალურ ცენტრალურ კომიტეტში. 1926 წელს საბჭოთა რეჟიმმა კვლავ დააპატიმრა და გადაასახლა. 1930-იანი წლებში დასაწყისში იგი დაბრუნდა გადასახლებიდან და მუშაობდა კერძო პედაგოგად. გარდაიცვალა ტფილისში 1930-იანი წლებში. 

წყარო: Sovlab - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების დეპუტატები

ფოტო: National Archive of Georgia, დამუშავებულია საქართველოს გაეროს ასოციაციის მულტიმედია მენეჯერის გურამ მურადოვის მიერ. 

USAID-ის პროგრამას „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.