ანა (ოლა) სოლოღაშვილი - ქალთა ისტორიის თვე
ქალთა თვის ამ რუბრიკით გაგაცნობთ ქალებს USAID პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში შექმნილი გამოფენიდან, რომელიც ეძღვნებოდა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მნიშვნელოვან როლს საქართველოს ეკონომიკურ, სოცილაურ და პოლიტიკურ პროცესებში.
ანა (ოლა) სოლოღაშვილი (1882-1937)
პოლიტიკოსი და პედაგოგი. იგი დაიბადა გორის მაზრის სოფელ მეჯვრისხევში. უმაღლესი განათლება ხარკოვის უნივერსიტეტში მიიღო, სწავლობდა ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 1903 წელს ანა გაწევრიანდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში. უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ ეწეოდა პედაგოგიკურ საქმიანობას. 1900-იანი წლებიდან საკუთარ დასთან ერთად პარტიულ სამუშაოებს ეწეოდა ბათუმში. 1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად, ამავე პერიოდში, მშობლიურ ქალაქ გორში ჩამოაყალიბა ქალთა ორგანიზაცია. 1918 წლის ნოემბრიდან იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი. 1919 წლის თებერვალში ან სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. 1921 წელს, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაერთო წინააღმდეგობის მოძრაობაში. იყო „პოლიტიკური წითელი ჯვრის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1920-იანი წლების მეორე ნახევრიდან გააგრძელა პედაგოგად მუშაობა ქალაქ ცხინვალში. იგი 1937 წლის 28 ნოემბერს დახვრიტეს ე.წ. „ტროიკის“ გადაწყვეტილებით. ანა სოლოღაშვილს ბრალად ედებოდა „მენშევიკური“ კონტრრევოლუციური ცენტრის ლიდერთან, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებელთან, ისიდორე რამიშვილთან თანამშრომლობა. თბილისში არსებობს ანა სოლოღაშვილის სახელობის ქუჩა.
წყარო: Sovlab - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების დეპუტატები
ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი.
USAID-ის პროგრამას „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.